Sunday, August 25, 2013

საშიში მონომერი


   ჯერ კიდევ 11 წლის წინ ნივთიერება აკრილამიდი, მხოლოდ სპეციალისტებისათვის იყო ცნობილი. მას იყენებდნენ პლასტმასების, წებოების, საღებავების დასამზადებლად. მეცნიერებისათვის ცნობილი იყო, რომ ეს სინთეზური მონომერი შედის თამბაქოს ბოლის შემადგენლობაში და  გააჩნია ტოქსიკური და კანცეროგენული თვისება. ვირთაგვებს რომელთა საკვებსაც უმატებდნენ მცირე რაოდენობით აკრილამიდს, მალე სიმსივნით ავადდებოდნენ. შეინიშნებოდა გენური მუტაციებიც. ამ მიზეზით ბევრმა ქვეყანამ შეიმუშავა სასმელ წყალში აკრილამიდთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვები.
   მაგალითად, ევროპაში მისი შემცველობა 1 ლიტრ წყალში არ უნდა აღემატებოდეს 0.1 მიკროგრამს. აშშ-ში - 0.3 მკგ-ს. გერმანიაში, პლასტიკური ფუთების დამამზადებელი საამქროების ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პლასტიკატთან შეხების შემდეგ წყალში არ უნდა მოხვდეს 10 მკგ-ზე მეტი აკრილამიდი კილოგრამ პროდუქტზე.
   2002 წელს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შემთხვევით გააკეთეს აღმოჩენა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. აკრილამიდი, რომელიც თითქმის შხამად ითვლებოდა, აღმოჩენილ იქნა მთელ რიგ პროდუქტებში, რომელიც მილიონობით ადამიანის კვებით რაციონში შედის. ზოგჯერ კი მისი კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას ათი ათასობით აჭარბებდა.
   აკრილამიდის შემცველობის მხრივ რეკორდსმენები აღმოჩნდნენ fast food-ის კერძები, კარტოფილის „ჩიფსები“ და შემწვარი კარტოფილი (1000 მკგ-ზე მეტი კილოგრამ პროდუქტზე). მას მოსდევს სიმინდის ბურბუშელა, მშრალი საუზმე და ყავა. ისეთ გავრცელებულ პროდუქტებში როგორიცაა პური, თევზი და ფრინველი, თუმცა ნაკლები რაოდენობით, მაგრამ აკრილამიდი მაინც იყო. საშიში მონომერისგან თავისუფალი აღმოჩნდა მხოლოდ ახალი ბოსტეული, ხილი და რძის პროდუქტები.
   საიდუმლოებით იყო მოცული ის ფაქტი, თუ საიდან ხვდებოდა სინთეზური მონომერი საკვებში - გაოცებით აღნიშნავდა შვედეთის კვების ეროვნული სამინისტროს თანამშრომელი კარლ-ერიკ ჰელენესი. მალე კვლევებმა ჩატარებული ინგლისში, გერმანიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში რამდენადმე გაფანტა ბურუსი. აღმოჩნდა, რომ დამნაშავე ყოფილა ამინომჟავა ასპარაგინი, რომელიც შედის ცილების შემადგენლობაში და არ არის თავისუფალ მდგომარეობაში მცენარეთა და ცხოველთა სითხეებში.
   თვით ამინომჟავა ასპარაგინს ადამიანისათვის სარგებლობა მოაქვს, მაგრამ თუ გაცხელდება 125 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე და თუ არეში  იქნება შაქარი, ის გარდაიქმნება აკრილამიდად. თუ პროდუქტები მოიხარშება, მაშინ აკრილამიდი ან საერთოდ არ წარმოიქმნება, ან უმნიშვნელო რაოდენობით გაჩნდება.
   შვედი მეცნიერების სენსაციური აღმოჩენის შემდეგ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო. ერთი ნაწილი ცდილობდა ეპოვნა გზები, როგორმე შეემცირებინა საკვებში აკრილამიდი. მაგ: აშშ-ში ამ მიმართულებით ჩატარდა დამატებითი ცდები. აღმოჩნდა, რომ როზმარინის ექსტრაქტი, ლიმონის მჟავა,  B3 ვიტამინი, განსაკუთრებული ტიპის საფუვრები, საკვებში  დამატებისას, ამცირებს კანცეროგენის შემცველობას.   ანალოგიურ შედეგს იძლევა ფრუქტოზის არარსებობა საკვებში, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად ურთიერთქმედებს ასპარაგინთან.
   მეცნიერთა მეორე ნაწილი უფრო სკეპტიკურად განეწყო. მათი დასკვნებიც საწმუნოდ გამოიყურებოდა. თუ კაცობრიობა, ათასობით წელია იღებს საკვვებში არსებულ ამ კანცეროგენს, მაშინ ორგანიზმი ევოლუციის პროცესში მასთან ბრძოლის გზებს გამონახავდა. სტატისტიკის მიხედვით ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მუდმივად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ „აკრილამიდიანი“ პროდუქტები კვებაში უფრო ფართოდ გამოიყენება. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ვირთაგვების მსგავსად ადამინებზე ცდებს მეცნიერები ვერ ჩაატარებს.
   ონკოლოგები თავიანთ პაციენტებს, ანკეტებში საგულდაგულოდ აღწერენ და ყოფენ მათ ორ ნაწილად - ერთ ჯგუფში ხვდება ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მოიხმარენ აკრილამიდის შემცველ საკვებს, მეორეში პირიქით. წარმოებს ხანგრძლივი დაკვირვება, რომელიც გამოავლენს თუ რომელ ჯგუფშია უფრო მეტად გამოვლენილი დაავადება.
   პირველივე შედეგებმა გარკვეული ოპტიმიზმი ჩასახა. 43.000 შვედი ქალის გამოკვლევამ აჩვენა, რომ მკერდის კიბოს დაავადების რისკი ორივე ჯგუფში თანაბარია. მსგავსი შედეგი დაფიქსირდა ტვინის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის და საშვილოსნოს ყელის კიბოსთან მიმართებაში. თუ სადმე ამაღლებდა აკრილამიდი დაავადებათა რისკს, ის მეტად უმნიშვნელო იყო.
   სამწუხაროდ არსებობს სხვა კვლევის შედეგებიც. მაგალითად დანიელი მკვლევარები სარწმუნოდ მიუთითებენ, რომ ის ქალები, რომლებიც აკრილამიდის შემცველ პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას, მკერდის კიბო 2-ჯერ ხშირად ემართებათ, იმათთან შედარებით ვინც ნაკლებად იყენებს ამ პროდუქტებს. მკვლევარებმა ორგანიზმში აკრილამიდის დონეც კი განსაზღვრეს.
   არის მონაცემები, რომ აკრილამიდი ზრდის საკვერცხეების კიბოს რისკს 79%-ით, საშვილოსნოს კიბოს რისკს 28%-ით, თირკმლების - 59%-ით.
   გარდა კანცეროგენულობისა, აკრილამიდი ეჭვმიტანილია ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის და ორგანოს მიმართ პირდაპირ ტოქსიკურ მოქმედებაში. არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ აკრილამიდმა  შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე და იყოს ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი.
   აქედან გამომდინარე კიბოს საერთაშორისო სააგენტო (IARC) არ ჩქარობს აკრილამიდს მოხსნას საეჭვო რეპუტაცია და განაგრძობს მის მოხსენიებას, როგორც „ადამიანისათვის შესაძლო კანცეროგენი“.
   კანადაში აკრილამიდი ოფიციალურად შეყვანილია ტოქსიკური ნივთიერებების სიაში და მისი შემცირება წარმოადგენს კანონით გადაუდებელ წინაპირობას გარემოს დაცვის მხრივ.
   აშშ-მა გამოუშვა ოფიციალური სახელმძღვანელო კვების მწარმოებლებისათვის, პროდუქტებში აკრილამიდის შემცირებასთან დაკავშირებით.
   ევროკავშირის ორგანოებმა ოფიციალურად შეიტანეს სიაში აკრილამიდი „ნივთიერება, რომელიც ძალზე დიდ შეშფოთებას იწვევს“, ამასთან ორი პოზიციის მიხედვით, როგორც კანცეროგენი და როგორც მუტაგენი (რომელიც კიბოს გამოწვევის გარდა, აზიანებს უჯრედების გენეტიკურ აპარატს).
   კვების წარმოებაში ბოლო დროს შემუშავდა ტექნოლოგიები, რომელიც ამცირებს აკრილამიდის დონეს პროდუქტებში. მაგ: არის ფერმენტები, რომელიც ახდენს ასპარაგინის ჩანაცვლებას, მაგრამ მიუხედავად ამ და სხვა ხერხებისა, კვების სტანდარტების ევროპული სააგენტოს მონაცემებით (მისი სპეციალისტები მონიტორინგს აწარმოებენ 2 ათას პროდუქტში), აკრილამიდის შემცველობის ტენდენცია უმნიშვნელოა. მაგ: პურში, „ჩიფსებსა“ და ყავაში შემცირდა, ხოლო ფუნთუშებში, ბისკვიტებში,  მშრალ საუზმეში, კარტოფილ „ფრიში“ - პირიქით მოიმატა.
   სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოო მეთოდები სახლის სამზარეულოს პირობებში მიუღწეველია, სადაც უხვად მზადდება ნამცხვრები, შემწვარი კარტოფილი და ა.შ.


                                                                         
   ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, რა უნდა მოვიმოქმედოთ? ველოდოთ სანამ მეცნიერები საერთო დასკვნამდე მივლენ? მაშინ როცა მავნე აკრილამიდის შემცირება მოხმარების თვალსაზრისით არც ისე რთულია.
   აკრილამიდის მესამედი, რომელიც საკვებ პროდუქტებთან ერთად ხვდება ადამიანის ორგანიზმში, მოდის ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა შემწვარი კარტოფილი და „ჩიფსები“ - გვიხსნის კარლ-ერიკ ჰელენესი - ერთი მესამედი პურიდან, მიუსლიდან და სხვადასხვა კექსებიდან. დანარჩენი მესამედი ყავიდან.
    თუ უარს ვიტყვით ყავაზე და შემწვარი კარტოფილის ყველა სახეობაზე, მაშინ ჩვენ ორი მესამედით შევამცირებთ აკრილამიდის მიღებას.
   გარდა ამისა სპეციალისტები გვირჩევენ:
  მეტი ახალი ხილი, ბოსტნეული და  რძის სხვადასხვა ნაწარმების ფართოდ შეტანა კვების რაციონში.
   შემწვარის ნაცვლად მოთუშული და მოხარშული პროდუქტების გამოყენება.
 ნამცხვრების, ბლინების და ა.შ. მომზადებისას არ არის მიზანშეწონილი მისი მიყვანა მუქ ყავისფრამდე, სავსებით საკმარისია ოქროსფერი, მკრთალი შეფერილობა.
   უპირატესობა მივანიჭოთ იმ მიუსლებს, რომელიც შაქარს არ შეიცავს (მითითებულია ეტიკეტზე).
   და ბოლოს, სანამ შევიძენდეთ „პოპ კორნის“ ან „ჩიფსების“ დიდ შეკვრას, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, იქნებ გავიხსენოთ, რომ ჯანმრთელობა მთავარია.
 

აკრილამიდის შემცველობა ზოგიერთ პროდუქტში

პროდუქტი
აკრილამიდის შემცველობა მკგ/კგ
კარტოფილის „ჩიფსები“
1300
კარტოფილი „ფრი“
400
ყავა (დაფქული)
200
სიმინდის ბურბუშელა
180
მიუსლი
150
ორცხობილა, ბისქვიტები
120
ფრინველის ხორცი
50
პური
30




   Валерий Мишаков-ის სტატიის მიხედვით

No comments:

Post a Comment